TikTok-ი ახალ აპლიკაციას, Instagram-ის ანალოგს ავითარებს, რომელიც მომხმარებლებს ფოტოების გაზიარების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას პორტალი, TechCrunch-ი ავრცელებს.
„ინოვაციებისადმი ჩვენი მუდმივი ვალდებულების ფარგლებში, ვიკვლევთ ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობას, შექმნას და გააზიაროს ფოტოები და ტექსტები ამ ფორმატებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში,“ – განუცხადა პორტალს TikTok-ის წარმომადგენელმა.
TikTok-ის მომხმარებლები შეტყობინებებს უკვე იღებენ ახალი აპლიკაციის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, TikTok Notes-ი ერქმევა, თუმცა ციფრულ მაღაზიებში ის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.
გასულ თვეში TikTok-ის APK, ანუ Android-ისთვის შესრულებადი დაარქივებული ფაილების ფორმატში აღმოჩენილ იქნა კოდი და ენა, რის საფუძველზეც ვარაუდობდნენ, რომ კომპანია ფოტოების გაზიარების აპლიკაცია TikTok Photos-ის ჩაშვებაზე მუშაობდა. თუმცა TikTok-ზე ამომხტარი ბოლო ფანჯრები აჩვენებს, რომ კომპანია აპლიკაციის სხვა სახელს განიხილავს.
TechCrunch-ის შეეფასებით, ორივე კომპანია, TikTok-ი და Meta სოციალური მედიის სივრცისთვის ერთმანეთს სასტიკად ეჯიბრებიან. მაგალითად, ვიდრე ByteDance-ის საკუთრებაში არსებული TikTok-ი ფოტოების გაზიარების აპლიკაციის ჩასაშვებად ემზადება, Meta-მ Facebook-ისთვის ვერტიკალური ვიდეოპლეერი გამოუშვა.
TikTok, ასევე, ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფორმატზე ატარებს, როგორიც არის 30-წუთიანი ვიდეო და თუნდაც ტექსტური პოსტები, როგორიც X-ი და Threads-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ