რა პირობებით ვაჭრობს საქართველო ჩინეთთან

საქართელო ჩინეთი

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს.

აღნიშნული შეთანხმება შედგება 17 თავისგან, რომლებიც მოიცავს საქონლით ვაჭრობას, მომსახურებით ვაჭრობას, წარმოშობის წესს, საბაჟო პროცედურებსა და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს, ვაჭრობის დაცვის მექანიზმებს და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით თანამშრომლობის სფეროებს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, საქონლით ვაჭრობის შემთხვევაში განსაზღვრავს ეტაპობრიობას, რომელიც გულისხმობს საქონლის სამ ეტაპობრივ კატეგორიად დაყოფას:

 

  • კატეგორია “A” – პროდუქტებისთვის საბაზისო განაკვეთი უნდა გაუქმდეს და განისაზღვროს ნულით შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ
  • კატეგორია “B” – პროდუქტებისთვის საბაზისო განაკვეთი უნდა გაუქმდეს და განისაზღვროს ნულით ხუთ თანაბარ ეტაპად, ხუთი წლის განმავლობაში, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან
  • კატეგორია „C” – პროდუქტისთვის მოქმედებს გადასახადის საბაზისო განაკვეთი, ანუ გადასახადი არ ექვემდებარება გაუქმებას

საქართველო ჩინეთი

შეთანხმების თანახმად, ჩინეთი იყენებს სამივე ზემოაღნიშნულ კატეგორიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან იმპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 94% ხვდება A და B კატეგორიებში, ანუ საბაჟო განაკვეთი გაუქმებულია მყისიერად ან ეტაპობრივად. დაახლოებით, საერთო რაოდენობის 6% პროდუქციისა არ ექვემდებარება საბაჟო გადასახადის გაუქმებას და მათზე კვლავინდებურად მოქმედებს გადასახადის საბაზისო განაკვეთი.

B კატეგორიაშია მოხვედრილი საქართველოსთვის ისეთი სტრატეგიული და მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი როგორიც არის ღვინო. ამავე კატეგორიაში მოხვდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, მარცვლეული (გარდა სიმინდისა), სხვადასხვა სახის მინერალური და ქიმიური სასუქები და სხვ.

რაც შეეხება C კატეგორიას, აქ მოხვდა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ყავა, ხორბლის და სიმინდის თესლი და ფქვილი, ბრინჯი, არაქისი, სხვადასხვა სახის ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები, შაქარი, ბავშვთა კვება, რძის ფხვნილის ფორმულა, თამბაქო, მინერალური და ქიმიური სასუქები, სხვადასხვა კატეგორიის პოლიეთილენი,სხვადასხვა სახის მერქანი.

რაც შეეხება ჩინეთიდან საქართველოში იმპორტს, ამ შეთხვევაში, ქართული მხარე იყენებს მხოლოდ A და C კატეგორიებს, შესაბამისად, გარდამავალი ეტაპი არც ერთ პროდუქტთან მიმართებაში არ გამოიყენება.

A კატეგორიაში ხვდება ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 96.5%, ხოლო დანარჩენ 3.5%-თან მიმართებაში მოქმედებს გადასახადის საბაზისო განაკვეთი.

C კატეგორიაში მოხვდა ისეთი პროდუქტები როგორიცაა კარტოფილი, სხვადასხვა სახის მწვანილი,ზეთის ხილი, სოკო, ხახვი, პარკოსნები, ნუში, თხილი, კაკალი, წაბლი, ფორთოხალი, სუფრის ყურძენი, საზამთრო, ნესვი, სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, გარგარი, ბალი, მარწყვი, მაყვალი, მოცვი, კივი, ხურმა, დაკონსერვებული სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული (ძირითადად რომელიც საქართველოში მოჰყავთ), სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, ღვინო და გარკვეული კატეგორიის ალკოჰოლური სასმელები, გარკვეული კატეგორიის თამბაქო.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისგან განსხვავებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ ადგენს და ითვალისწინებს იმ მიმართულებებს, სადაც მხარეებმა უნდა დაუახლოვონ ერთმანეთის კანონმდებლობა და მოახდინონ ვაჭრობასთან დაკავშირებული სფეროების ინსტიტუციური დაახლოება.

ამ შემთხვევაში, მაგალითად საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, შეთანხმება მხარეებს ავალდებულებს გახადონ საბაჟო პროცედურები პროგნოზირებადი, თანმიმდევრული და გამჭვირვალე. სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებთან დაკავშირებით მითითებას აკეთებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების A1 დანართით განსაზღვრული „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმების“ პრინციპებზე.

ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერებთან დაკავშირებით შეთანხმება ეყრდნობა „ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების“ 1A დანართში (TBT შეთანხმება)მოცემული პრინციპებს. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შეთანხმება ეყრდნობა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ასახულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1C დანართში.

 

წინა სტატიაპროგრამები, რომელიც „აწარმო საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს – ჯამური ბიუჯეტი 257 მლნ ლარს აჭარბებს
შემდეგი სტატიაBank of America თანამშრომლების მინიმალურ ხელფასს საათში $24-მდე ზრდის

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ